რა არის აქციზისა და იმპორტის გადასახადი?

სტატიების სერია: საქართველოს საგადასახადო სისტემა

ეს ორი გადასახადი უმეტეს შემთხვევაში გვერდიგვერდ დგას, ამიტომ გადავწყვიტეთ ორივე ერთ სტატიაში მოგვეთავსებინა. აქციზით დავიწყოთ. იმპორტის გადასახადი ძალიან მარტივია და სტატიის ბოლოშიც მოვასწრებთ მასზე საუბარს.

კონცეფციურ დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ აქციზის გადასახადი საზოგადოებისთვის “მომატებული საფრთხის” შემცველ პროდუქტებს ეხება, მაგალითად როგორიც არის თამბაქო, ალკოჰოლი, ნავთობპროდუქტები, აზარტული თამაშები და ა.შ. ცხოვრებისეულ მაგალითზე რომ ვთქვათ, სიგარეტის ფასი რომ იწევს და იწევს ეს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი აქციზური სტანდარტების დაცვის, ანუ აქციზის გადასახადის გაზრდის, შედეგია.

დაბეგვრის ობიექტები

მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისთვის გადაცემის მომენტი.

საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი.

ბუნებრივი აირის/ნავთობ პროდუქტების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდების მომენტი.

გადასახადის გადამხდელია ყველა, ვინც ასეთ საქონელს აწარმოებს საქართველოში, ამ საქონელს აიმპორტებს ან აექსპორტებს. ეს მარტივია, თუმცა საქმე რთულდება, როდესაც უშუალოდ დაბეგვრის პროცესს მივადგებით. აქციზის გადასახადი სხვა გადასახადებს არ ჰგავს იმ მხრივ, რომ თუ წინ კოდექსი არ გიდევს ისე ამ დაბევრას ისე ვერ განახორციელებ. ეს იმიტომ, რომ ყოველ აქციზურ საქონელს თავისი დაბეგვრის წესი და განაკვეთი აქვს. კოდექსში ეს ყველაფერი ცხრილების სახითაა მოცემული და საკმაოდ მარტივად მოსაძებნია.

დაბეგვრის წესები

ჯერ თითოეული აქციზური საქონლის დაბეგვრის წესებს შევხედოთ, ანუ რომელი რის მიხედვით იბეგრება.

ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

თამბაქოს ნაწარმისთვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.

ნავთობპროდუქტისთვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით).

მსუბუქი ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.

ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისთვის ან/და ბუნებრივი აირისთვის – აირის მოცულობით.

ელექტრონული სიგარეტის სითხისთვის − სითხის მოცულობით.

ალკოჰოლური სასმელების მაგალითი

ახლა ალკოჰოლური სასმელების მაგალითის მეშვეობით ვნახოთ ჩამოთვლილი საზომი ერთეულების მიხედვით როგორ დაიბეგრება ეს პროდუქტი. ამისათვის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის ცხრილებს უდნა მივაკითხოთ. სიმარტივისთვის ალკოჰოლური სასმელების ცხრილს აქვე გადმოვიტანთ, სხვების ნახვა თავად მოგიწევთ, რადგან ძალიან დიდებია:

შპს ალფამ 2018 წლის აგვისტოში აწარმოა 400 ბოთლი (0,5 ლიტრიანი), 50% ალკოჰოლის შემცველობის არაყი (ცხრილის მე-5 გრაფაში შედის) და იმავე თვეში სრულად მიაწოდა გამას 8 000 ლარად აქციზისა გარეშე.

აგვისტოშივე, გამამ აღნიშნული პროდუქცია სრულად გააექსპორტა და უკრაინულ კომპანიას მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც მიიღო 20 000 ლარი.

უპირველესად, ვიხსენებთ ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის წესს - ალკოჰოლიანი სასმელი იბეგრება მთლიანი მოცულობით და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

ჩვენს შემთხვევაში მთლიანი მოცულობა შემდეგია - 400 ბოთლი გვაქვს, თითო 0.5 ლიტრიანი, ანუ 200 ლიტრის მოცულობის სასმელი გვაქვს.

სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობა შემდეგი გვექნება - 200 ლიტრი გვაქვს სულ და თან ვიცით, რომ 1 ლიტრ სასმელში მხოლოდ 50%-ია სუფთა ალკოჰოლი, ანუ სუფთა ალკოჰოლის მოცულობა 100 ლიტრი იქნება.

ახლა ვუყურებთ ცხრილს და ვნახულობთ, რომ არაყი მეხუთე გრაფაში შედის, ანუ მისი ყოველი 1 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი (სუფთა სპირტი) 22.5 ლარით იბეგრება. ჩვენ კი 100 ლიტრი სუფთა სპირტი გვაქვს, ანუ აქციზის გადასახადი იქნება:

100*22.5=2250

თამბაქოს ნაწარმის მაგალითი

სხვა აქციზური საქოლის დაბეგვრაც მსგავს პრინციპს მისდევს უბრალოდ განსხვავებული დაბეგვრის წესები, ზომის ერთეულები და განაკვეთები აქვთ.

კიდევ ერთი მაგალით განვიხილოთ, ამჯერად თამბაქოს ნაწარმზე. ამის ცხრილის შემოკლებულ ვარიანტს აქვე ჩავსვამთ:

ახლა მაგალითი.

შპს ალფამ 2018 წლის აგვისტოში 5 კგ თამბაქოსგან 200 კოლოფი ფილტრიანი და 400 კოლოფი უფილტრო სიგარეტი აწარმოა და იმავე თვეში სრულად გაყიდა. რა იქნება ამ ორ პროდუქტზე აქციზის გადასახადი?

ისევ, ჯერ ვიხსენებთ თამბაქოს პროდუქციის დაბეგვრის წესს. თამბაქოს პროდუქცია იბეგრება ნაწარმის რაოდენობით, წონით და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით. თუმცა, თამბაქოს პროდუქცია განსაკუთრებით რეგულირებულია და ამიტომ დამატებითი ელემენტებიც აქვს. კერძოდ, ყოველ ყელს ეკონომიკის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც თითოეული თამბაქოს ნაწარმის საბაზრო ღირებულებაა განსაზღვრული, და გვეუბნება, რომ აქციზის გადასახადში ამ თანხის 30%-იც უნდა დავიმატოთ.

ესეიგი, 200 ცალი ფილტრიანი სიგარეტის კოლოფია შემთხვევაში ასე იქნება. რაოდენობას გავამრავლებთ დადგენილი განაკვეთისა (ცხრილში რაც არის მოცემული) და მინისტრის ბრძანებით დადგენილი საბაზრო ფასის 30%-ის ჯამზე. ჩავთვალოთ, რომ ეს საბაზრო ფასი 4-ის ტოლია. აქციზის გადასახადი ეს იქნება:

200*(1.7+4*30%)=580

ახლა უფილტროებს შევხედოთ. მათი საბაზრო ფასი 2 ლარი იყოს. ამ შემთხვევაში გამოთვლის ტიპი იგივე იქნება, მხოლოდ რიცხვებს შევცვლით:

400*(0.6+2*30%)=480

იმპორტის გადასახადი

ახლა იმპორტის გადასახადზე ვისაუბროთ ორი სიტყვით. იმპორტის გადამხდელია ყველა, ვინც საქართველოს საბაჟოზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ქსპორტის მიზნისა. დაბეგვრის ობიექტი კი ამ საქონლის მთლიანი ღირებულებაა, ანუ არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ გადაზიდვის და ყველა სხვა ქმედების ღირებულებაც, რომელიც ამ საქონლის ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანას ემსახურებოდა.

აქ ორი ცხრილი გვაქვს. ერთ ცხრილში ჩამოთვლილი საქონლის სრული ღირებულება 12%-ით იბეგრება, მეორე ცხრილში ჩამოთვილილი კი 5%-ით. ეს გადასახადი ძალიან მარტივია და მხოლოდ ორ ქმედებას საჭიროებს: მოძებნო რომელ ცხრილში მდებარეობს ესა თუ ის საქონელი და შესაბამისი პროცენტით დაბეგრო.

სტატიაში, შეძლებისდაგვარად, ორივე გადასახადის მნიშვნელოვანი ელემენტები მიმოვიხილეთ, თუმცა მაინც ყოველთვის გირჩევთ, რომ "საქართველოს საგადასახადო კოდექსი" თავად წაიკითხო და დეტალურად გაეცნო ყოველ გადასახადს, რადგან თითოეულ დეტალს სტატიის ფორმატში ვერ მოვიცავთ.

სტატიების სერია საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ

წაიკითხე სხვა სტატიებიც.