როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა?

სტატიის სექციები

არ დაგეზაროს, დაწერე!

ბიზნეს გეგმა სტარტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის გარეშეც ინვესტორთან საუბარს ფაქტობრივად აზრი არ აქვს. ამ სტატიაში ბიზნეს გეგმის ძირითად ელემენტებს გაგაცნობთ და რჩევებსაც გაჩუქებთ.

მოკლე აღწერა

ამ სექციაში უნდა აღწეროთ პროექტის განხორციელების ძირითადი ელემენტები. ეს უნდა იყოს თხრობითი ტექსტი, რომელიც თქვენი პროექტის მნიშვნელოვან ასპექტებს აღწერს, და პასუხობს შეკითხვებს რა, ვინ, სად, როდის და როგორ?

პროექტის მოკლე აღწერა ბიზნეს გეგმის დასრულების შემდეგ უნდა მომზადდეს და ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს კომპანიის კონცეფციის გაგება.

ისტორია

აქ უნდა ისაუბროთ იმაზე, თუ როგორც გაჩნდა ამ კომპანიის იდეა. როგორ აღმოაჩენთ პრობლემა და რამ გიბიძგათ მისი მოგვარებისგან. კარგი იქნება თუ კომპანიის ღირებულებებსა და არაკომერციულ მიზნებზეც ისაუბრებთ.

გუნდი

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ინვესტორები კომპანიაში კი არ დებენ ფულს, არამედ გუნდში. ამიტომაა მაგარი გუნდი მნიშვნელოვანი. ამ სექციაში თქვენი გუნდის წარდგენის საშუალება გაქვთ.

აღწერეთ კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურა, მმართველი გუნდის წევრები და მათი კომპეტენციები, გამოცდილება, ძლიერი მხარეები და ა.შ.

ჩათვალეთ, რომ გუნდი კომპანიის ყველაზე დიდი აქტივია და შეეცადეთ ინვესტორებს დაუმტკიცოთ, რომ ეს აქტივი მართლაც ძვირადღირებულია.

ფინანსები

აღწერეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ჰქონდა თუ არა დღემდე, კომპანიას შემოსავალი და/ან დაფინანსება აქციების, ვალდებულებების ან საგრანტო დაფინანსების ფორმით.

ისაუბრეთ პროექტის მომგებიანობაზე, ზრდის პოტენციალზე, როდის ელოდებით მოგებას და რიცხვების მეშვეობით მარტივი ფინანსური ვარაუდები წარადგინეთ.

ინოვაციური გადაწყვეტა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ზუსტად აქ უნდა აღწეროთ, თუ რატომაა თქვენი პროდუქტი თუ სერვისი ინოვაციური, როგორ აგვარებს პრობლემას და რატომაა ეს მოგვარების გზა კონკურენტებისაზე უკეთესი. აქვე ხაზი გაუსვით გადაწყვეტის დროულობას და აღწერეთ მომხმარებლის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც აპირებთ.

მთავარია თქვენი კონცეფციის უნიკალურობა და უკეთესობა წარმოაჩინოთ, რისი გაკეთებაც შესამუშავებელი ან შემუშავებული ტექნოლოგიის, პროდუქტის, პროცესის და მომსახურების კონცეფციის აღწერით შეგიძლიათ.

საბაზრო პოტენციალი

რაც არ უნდა მაგარი პროდუქტი გქონდეთ, თუ ბაზარი არ არსებობს ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსგავს პროდუქტზე მოთხოვნა არც არის. შეიძლება კონკურენტები არ არსებობდნენ, მაგრამ ბაზარი უნდა არსებობდეს. ამიტომ აუცილებელია თქვენი ბიზნესის სფერო, ბაზრის მოცულობა და ზრდის შესაძლებლობები აღწეროთ.

ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი თუ რა სახის დაბრკოლებებს მოელით რეგიონულ და გლობალურ ბაზარზე შესვლისას? მაგ. მაღალი კაპიტალური დანახარჯები, მაღალი წარმოების ხარჯები, მაღალი მარკეტინგის ხარჯები, სამომხმარებლო აღიარება და ბრენდის ცნობადობა, ტრეინინგი და უნარ-ჩვევები, უნიკალური ტექნოლოგია და პატენტები, გადაზიდვის ხარჯები, კონკურენტული ფასწარმოქმნა, ქვეყნისათვის კანონმდებლობა/რეგულაციები და ა.შ. და რაც მთავარია, როგორ გეგმავთ მათ დაძლევას?

ბაზარი ხომ პოტენციური მომხმარებლებისგან შედგება, ჰო და, მათზეც მოგიწევთ საუბარი — ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი და რატომ? როგორ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს თქვენი პროდუქტი?

კონკურენცია

კონკურენტები არ გამოგრჩეთ. თუ უკვე არსებულ ბაზარზე შედიხართ კონკურენტები აუცილებლად გეყოლებათ, ირიბი მაინც. ინვესტორებს ეს არ უნდა დაუმალოთ. როგორც კი იტყვით, რომ კონკურენტი არ გყავთ, თქვენი საქმე წასულია, რადგან ინვესტორი ფიქრობს — თუ არსებულ ბაზარზე შედიან კონკურენტები უეჭველად იქნებიან და რადგან მათ შესახებ არ იციან, ანუ კარგი კვლევა არ ჩაუტარებიათ, ან თუ მართლა არ ჰყავთ კონკურენტები, ანუ ბაზარი არ არსებობს და არც ამ პროდუქტზეა მოთხოვნა.

ეს შეცდომა არ დაუშვათ და დეტალურად ისაუბრეთ კონკურენტებზე, მათ უპირატესობებსა და სისუსტეებზე და თუ რატომ ჯობია მათ პროდუქტს თქვენი.

ბაზრის სტრატეგია

აქ ბაზარზე შესვლისა და ადგილის დამკვიდრების გეგმის შესახებ უნდა ისაუბროთ. ანუ დიდწილად მარკეტინგსა და პროდუქტის განვითარებაზე. დასახეთ რეალისტური მიზნები და ახსენით თუ როგორ და როდის აპირებთ მათ მიღწევას.

პოტენციური სამომავლო პარტნიორები

კარგი იქნება თუ სამომავლო პოტენციურ პარტნიორებზეც ისაუბრებთ, ანუ რომელ კომპანიებთან თუ დაწესებულებებთან აპირებთ თანამშრომლობას და რატომ.

რჩევები

ახლა კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც ბიზნეს გეგმის უკეთ დაწერაში და, შესაბამისად, თქვენი კომპანიის პოტენციალის უკეთ გამოკვლევაში დაგეხმარებათ.

იკვლიეთ, იკვლიეთ და იკვლიეთ

დიდი დრო დაუთმეთ თქვენი პროდუქტის, ბაზრისა და მიზნების კვლევასა და ანალიზს. იდეალურ შემთხვევაში, კვლევას, შეფასებასა და ფიქრს ორჯერ უფრო მეტი დრო უნდა მოახმაროთ, ვიდრე უშუალოდ ბიზნეს გეგმის წერას. 

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი სხვას გააცნოთ, ჯერ თქვენ უნდა იცნობდეთ მის ყოველ კუთხე-კუნჭულს. ეს თქვენი, როგორც ანტრეპრენერის პასუხისმგებლობაა — იცოდე ყველაფერი იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც ქმნი და იმ ბაზრის შესახებ, რომელშიც შედიხარ.

განსაზღვრეთ ბიზნეს გეგმის მიზანი

უკვე იცით თუ რა არის ბიზნეს გეგმა და ზოგადად რისთვის იყენებენ ხოლმე. თუმცა, რეალურად, მას ბევრი გამოყენება აქვს. მიზნის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად მას უნდა მოარგოთ თქვენი ბიზნეს გეგმა — ინვესტორებისთვის დაწერილი ბიზნეს გეგმა, უბრალოდ შიდა მოხმარებისთვის დაწერილისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ამიტომ, სანამ წერას დაიწყებთ, დაფიქრდით თუ რისთვის წერთ. ბიზნეს-გარემოს უკეთ გაანალიზებაში ეს სტატიაც დაიხმარე.

შექმენით კომპანიის პროფილი

კომპანიის პროფილში იგულისხმება: კომპანიის ისტორია, პროდუქტები და სერვისები, სამიზნე ბაზარი და მომხმარებლები, რესურსები და უნიკალური მახასიათებლები. კომპანიის პროფილი თქვენი კომპანიის პიროვნებაა, თავისი მახასიათებლებით, შესაძლებლობებითა და მიზნებით.

ხშირად ამ ინფორმაციას ვებგვერდის „ჩვენ შესახებ“ სექციაში ათავსებენ, თუმცა მისი გამოყენება ბიზნეს გეგმაშიც შეგიძლიათ….არა, შეგიძლიათ კი არა, უეჭველად უნდა გამოიყენოთ. სხვაგვარად ბიზნეს გეგმა უბრალოდ ფაქტების მშრალი ნაკრები გამოვა.

მოკლედ, კომპანიის პროფილის შედგენა, საქმეს გაგიმარტივებთ. არ დაგავიწყდეს შენი ბიზნესის ორგანიზაციული ფორმის არჩევა, რომლებზეც დაწვრილებით ამ სტატიაში შეიტყობ. 

ახსენით თუ „რატომ“

როდესაც ინვესტორს ან თანაგუნდელს ბიზნეს გეგმას უზიარებ, უნდა დაანახო, თუ როგორი მოტივირებული და შთაგონებული ხარ, რომ მართლა მაგრად გაინტერესებს ეს ბიზნესი და მხოლოდ ფულისთვის არ აკეთებ ყველაფერს. შეგიძლიათ დაშვებულ შეცდომებზეც კი ისაუბროთ, ოღონდ მოგვარების სურვილი და გეგმაც აუცილებლად მიაყოლეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმ ღირებულებებს, რომლებიც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ. ახსენით თუ რატომ გადარდებთ ეს პრობლემა, რატომ გინდათ მისი მოგვარება, რა ემოციური კავშირი გაქვთ თქვენს მასთან და ა.შ. არ შეგეშინდეთ თქვენი ადამიანური კუთხის გამოვლენა, პირიქით, ეს კარგიცაა, რადგან ზუსტად ეს ეუბნება ინვესტორს, რომ სადღაც ღრუბლებში არ დაფრინავთ და რეალისტურად უყურებთ ყველაფერს.

როდის უნდა დაწეროთ ბიზნეს გეგმა?

ნებისმიერ შემთხვევაში.

სხვანაირად ვერც თქვენ გაიცნობთ თქვენს ბიზნესს და ვერც სხვას გააცნობთ. ინვესტორის დაინტერესებაზე ხომ ლაპარაკიც არაა. ჰო გაგიგიათ — ადამიანმა ყველაზე კარგად ის იცის, რისი ახსნაც სხვისთვის შეუძლიაო. როგორც ყოველთვის, აქაც, წარუმატებლობის შემთხვევაში უკან დასახევი გზა არსებობს, რომელზეც დაწვრილებით ამ სტატიაში გაიგებ!

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

Როგორ მოვაწესრიგოთ კომპანიაში შექმნილი ქაოსი

Თუკი შენ, როგორც ბიზნესის მფლობელი ან უფროსი მენეჯერი, ყოველი სამუშაოს დღის შემდეგ საკუთარ თავს ამ ფრაზებით ამკობ – “ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება !”; “დასვენების დღე არასდროს არ მაქვს!”; “არ...

ლიდერობა კრიზისის დროს

ლიდერობა კრიზისის დროს

როდის იყო რომ ბიზნეს სამყარო გაურკვევლობებით სავსე არ იყო? კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ყველა კრიზისის დროს, გაურკვევლობა და უიმედობა ბიზნეს-ლიდერებს სიკვდილის ანგელოზებივით ადგათ თავს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გარშემო ყველაფერი ნისლითაა დაფარული...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!