ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი I

ციფრული მარკეტინგი

სტატიის სექციები

ლამისაა ციფრულ სამყაროში გადავცხოვრდეთ

ტექნიკურად, ბიზნესები ოდითგანვე მიმართავენ მარკეტინგს — იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე ვირზე გადაკიდებული მენიუს დაფები, თუ მოედნის ცენტრში ამაღლებულ ადგილას მდგარი მაცნე, რომელიც ლაღიძის წყლებში ფასდაკლებისა თუ ახალი გემოს ლიმონათის შესახებ გაჰყვირის.

რა მარტივი იყო, არა? რაის კვლევა, სვოტ ანალიზი და ჩახლართული მარკეტინგ კამპანიები, იმდროინდელი ბიზნესები მხოლოდ ადამიანებამდე ხმის მიწვდენაზე ფიქრობდნენ. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან: პირველი — ნებისმიერ ბაზარზე კონკურენცია გაცილებით ნაკლები იყო, მეორე — მათ ის ციფრული და ტექნოლოგიური ხელსაწყოები არ გააჩნდათ, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და მესამე — მაშინდელ სამყაროში კონსუმერისტული სენი ჯერ კიდევ მხოლოდ ფესვების გადგმას იწყებდა.

დღესდღეობით ყველაფერი თან უფრო რთულადაა და თან უფრო მარტივად. ნებისმიერ ჩვენგანს მარკეტინგულ ძაბრში გვიწევს გავლა. მარტივად, იმ მხრივ, რომ უამრავმა ციფრულმა ხელსაწყომ საქმე გაგვიადვილა, რთულად კი, იმიტომ, რომ ამან კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა. თუ ადრე ადამიანებს ქუჩებში ხვდებოდან რეკლამები, ახლა უკვე ტელეფონებსა და სხვა ხელსაწყოებში ხვდებათ. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგის 80%-მა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

ინტერნეტის მოხმარება დღესაც კი ყოველ დღურად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ამასთან ერთად მომხმარებლების სამომხმარებლო ქცევებიც იცვლება.

ავტობუსებზე, სამარშუტო ტაქსებზე, ბილბორდებზე, მეტროებსა და რადიოში რეკლამირების ეპოქა დასასრულისკენ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელი და იაფი გზები გამოჩნდა, კერძოდ ციფრული მარკეტინგი.

დღეს ციფრული მარკეტინგის საწყისებს მოვიცავთ, შემდეგი სტატია კი უფრო სიღრმეში ჩავა.

საერთოდ რა არის ეს ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა სახის მარკეტინგულ ქმედებას, რომელიც ციფრულ სამყაროში ხორციელდება. ბიზნესები ისეთ ციფრულ არხებს იყენებენ, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდები და სხვ. ყველა კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც კომუნიკაცია უდნა დაამყაროს. ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მის მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა.

ციფრული მარკეტინგი ძალიან მრავალფეროვანი რამაა და აუმრავ ხელსაწყოსა და მიდგომას მოითვლის. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან სახეს გაგაცნობთ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთან დაკავშირებულ სიტყვას რომ დაგუგლავს ადამიანი თქვენი საიტი პირველივე გვერდზე უნდა ამოუგდოს. ეს საიტსა თუ გვერდზე ორგანული თრეფიქის გაზრდაში დაგეხმარებათ.

საძიებო სისტემების ალგორითმი საუკეთესო შედეგების მოსაძიებლად შემდეგ კომპონენტებს აქცევს ყურადღებას: სიტყვები, სათაურები, რეკომენდაციები და საიტის რეპუტაცია.

მოკლედ, საიტსა და სოციალურ ქსელში ხშირად უნდა გამოიყენოთ ის სიტყვები, რომლებიც თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს უკავშირდება. როდესაც ვინმე ამ სიტყვებს დაგუგლავს, საძიებო სისტემა მხოლოდ იმ გვერდებს მოძებნის, რომლებშიც ეს სიტყვებია გამოყენებული. თქვენი მიზანი არა მხოლოდ ამ გვერდების სიაში მოხვედრაა, არამედ სიის დასაწყისში.

ამას გარდა, საძიებო სისტემების ალგორითმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საიტის რეპუტაციას. იმ საიტებს, რომლებსაც სტაბილურად ბევრი მომხმარებელი ჰყავს, დიდი რაოდენობით ქონთენთს ქმნის, კარგი გამოხმაურება აქვს და მომხმარებელზეა ორიენტირებული, მეტი შანსი აქვთ, რომ გუგლის პირველივე გვერდზე ამოჰყონ თავი. მით უმეტეს თუ სხვა საიტებიც უწევენ ამა თუ იმ საიტს რეკომენდაციას.

შეეცადეთ სტრატეგია ლოკალურ ბაზარს მოარგოთ, რადგან არსებული სიტუაციის გამო, ქვეყნებს შორის მიმოსვლა რადიკალურად შემცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სახლთან ახლოს ეძებენ პროდუქტებს.

კრიტიკული შეცდომა იქნება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შეჩერება. ამით კონკურენტებს უფლებას მისცემთ თქვენზე მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა და შედეგად მეტი კლიენტი მოიპოვოს.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის დაყოფა სამ პირობით ნაწილად შეგვიძლია: გვერდზე მდებარე, გვერდის უკან მდებარე და ტექნიკური ელემენტები.

გვერდზე მდებარე ელემენტები მოიცავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელი ვებ-გვერდსა თუ სოციალურ მედიაზე შემოსვლისას ხედავს. ეს ქოფირაითინგის სამფლობელოა, სადაც საძიებო სიტყვები უნდა იყოს მიმოფანტული. თუმცა, მიმოფანტვამდე ჯერ საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატაროთ თუ რა სიტყვები შეესაბამება თქვენს ბიზნესს.

გვერდის უკან მდებარე ელემენტებში მოიაზრება ლინკები, რომლებიც სხვა ვებგვერდებს თქვენს გვერდთან აკავშირებს. მაგალითად სხვა საიტმა თუ რაიმე სტატია გამოაქვეყნა და წყაროდ თქვენი საიტი მიუთითა, ეს გუგლის საძიებო სისტემაში თქვენს მდებარეობაზე დადებითად იმოქმედებს.

ტექნიკური ელემენტები თქვენი ვებგვერდის კოდში უნდა ეძებოთ. აქ ისეთი რაღაცები შედის, როგორიცაა გვერდების კოდი, სურათების მდებარეობა, სტრუქტურირებული მონაცემები, CSS ფაილების ოპტიმიზაცია, გვერდების ჩატვირთვის სისწრაფე და ა.შ.

ქონთენთ მარკეტინგი

დაიმახსოვრეთ, შთაბეჭდილების გაყიდვა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალო პროდუქტის.

ფაქტობრივად, ქონთენთ მარკეტინგი, მომხმარებლისთვის საჭირო და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, ბიზნესის ციფრულ სახესა და სახელს განსაზღვრავს.

ქონთენთი შეიძლება წარმოვადგინოთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გზით: სტატიებით, ფოტოებით, აუდიო, ვიდეო საშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით, ბლოგით.

ამ დროს, ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ: სამიზნე აუდიტორია, ქვეყანა, რეგიონი, კულტურული თავისებურებები და აქტუალური თემები. ასე უფრო ახლო და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ თქვენს მომხმარებლებთან. ასე, რომ იყავით აქტიურები და ყოველთვის ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს.

გარკვეულწილად სიმბიოზური ურთიერთობაა ქონთენთ მარკეტინგსა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას შორის — ერთი-მეორეს უწყობს ხელს. გამოქვეყნებულ მასალაში სპეციფიკური თეგების, სიტყვების (ტექსტში, სათაურში, ელექტრონულ მისამართში) ლინკების და ა.შ, გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა საიტმა საძიებო სისტემის წინა და წინა გვერდებზე გადაიწიოს.

სოციალური მედიის მარკეტინგი და ონაილ PR-ი

სოციალური მედია — ეს ფრაზა უკვე იმდენად გამჯდარი გვაქვს ყველას, რომ ლამისაა ძილშიც ვიძახოთ. დღესდღეობით, სოციალური მედია და მის გარეთ არსებული სამყარო, ერთმანეთს თითქოს „რეალობის“ ტიტულის მოსაპოვებლად ექიშპებიან.

სოციალური მედიის სამყაროს პოპულაცია დღითი დღე იზრდება და ძლიერდება. ჩვეულებრივ, როდესაც ვამბობთ „აქ“ ვგულისხმობთ მატერიალურ სამყაროს, სოციალურ ქსელში არსებულს კი შეიძლება „იქ“ ვუწოდოთ. ლამისაა „აქ“ და „იქ“ ავურიოთ უკვე ერთმანეთში. იმედია სოციალური მედიის ღირებულებას ნათლად ხედავთ, რადგან ამ პლატფორმის გარეშე ციფრული მარკეტინგი არ არსებობს.

სოციალური მედიის მარკეტინგი ნაწილობრივ მოიცავს ქონთენთ მარკეტინგს, რადგან აქ ტექსტობრივი, ვიდეო და სურათებრივი ქონთენთის რეგულარულად დაპოსტვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე აუდიტორიაზე გახვიდე. თუმცა, სოციალურ მედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ აუდიტორიასთან საუბარია — აქტიურნი უნდა იყოთ თქვენი კომპანიისთვის რელევანტურ ჯგუფებში, კომენტარების სექციაში, მესიჯებს მალე უნდა პასუხობდეთ და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს სოციალურ გვერდზე მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად უნდა იპოვოს თქვენ შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

PPC მარკეტინგი

წინა სტრატეგიები მთლიანად ან დიდწილად უფასო და ეფექტურია, მაგრამ დიდი შანსია, რომ, ორგანული თრეფიქის გასაზრდელად მხოლოდ მათი გამოყენება, საკმარისი არ აღმოჩნდეს და ციფრულ მარკეტინგში ფულის ჩადება მოგიწიოთ.

ბილბორდები აღარ არსებობსო ვთქვით, მაგრამ არ დაგვიკონკრეტებია, რომ მხოლოდ ფიზიკურ ბილბორდებს ვგულისხმობდით. ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენის, ბილბორდების ანალოგიც არსებობს ციფრულ სივრცეში.

PPC მოდელის მეშვეობით თქვენ ფიზიკურ ბილბორდებთან შედარებით გაცილებით იაფად შეძლებთ რეკლამის ისეთ ადგილას განთავსებას, სადაც მას უამრავი ხალხი ნახავს. მაგალითად პოპულარულ საიტებზე ან საძიებო სისტემებში.

მაგრამ ამ ტექნიკის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ფულს მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც ვინმე დაკლიკავს თქვენს რეკლამაზე.

მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ პროცესი არც თუ ისე მარტივია. რელევანტური საძიებო სიტყვების მოძიებითა და ორგანიზებით დაწყებული, PPC ლენდინგ ფეიჯის ოპტიმიზაციით დამთავრებული, ყველაფერი წესრიგში უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციური კლიენტი ან საერთოდ ვერ გადააწყდება თქვენს რეკლამას, ან უკეთესად წარდგენილ და ორგანიზებულ რეკლამაზე დაკლიკვას ამჯობინებს.

ალბათ ხედავთ თუ როგორ ერწყმის ეს მოდელი ქონთენთ მარკეტინგსა და SEO-ს. სამივე თქვენი ხილვადობის გაზრდას ემსახურება. თუ ქონთენთის წარმოებითა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით ორგანულად ვერ მოახერხეთ სასურველი რაოდენობის მომხმარებლების მოზიდვა, Google Ads-ის, Facebook Ads-ის ანდ LinkedIn Ads-ის მეშვეობით ფასიანად შეგიძლიათ ამის გაკეთება.

თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ SEO ან ქონთენთ მარკეტინგი უნდა უგულებელყოთ. პირიქით, გუგლის პირველ გვერდზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ეფექტურობა და თქვენი ვებგვერდისა და სოციალური მედიის წარმატებულობა საბოლოო ჯამში მაინც SEO-სა და ქონთენთ მარკეტინგის კომპონენტების გამართულობასა და სწორად ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი მოძველებულიაო ვინც გეტყვით არ დაუჯეროთ. ახალგაზრდები დღეში საშუალოდ 4-ჯერ ამოწმებენ თავიანთ მეილს. მეილზე რეგულარულად შეგიძლიათ აგზავნოთ სიახლეები,

შეთავაზებები, მოკითხვები და ა.შ. თუმცა, ფრთხილად იყავით და სიხშირეს არ გადაამეტოთ. ზოგადად, ორ კვირაში ერთი მეილის გაგზავნა ოქროს შუალედია. ამ გზით მომხმარებლებს აჩვენებთ, რომ ისინი არ დაგვიწყებიათ და მუდმივად მათ ინფორმირებულობაზე ზრუნავთ.

სანამ მეილების დაგზავნას დაიწყებთ, ჯერ ადამიანების იმეილები უნდა დააგროვოთ, ამის გაკეთება ვებ გვერდზე გამოწერის სექციის დამატებით შეგიძლიათ.

პირველი ნაწილი აქ დავასრულოთ. მეორე ნაწილში ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, როგორიცაა: კონკრეტულად რას აკეთებენ ციფრული ამრკეტერები; ციფრული მარკეტინგის დონეები; ბიზნესებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ მარკეტინგს და ა.შ. მარკეტინგის სხვა სახეობებზე მეტის გასაგებად კი გაეცანი სტატიას.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მარკეტინგული მიქსი

მარკეტინგული მიქსი და მისი მნიშვნელობა

“პროდუქტისთვის კი არ უნდა ეძებდეთ კლიენტს, არამედ კლიენტისთვის პროდუქტს” — სეტ გოდინი   ტექნიკურად, ბიზნესები, თავიანთი პროდუქტის გასაყიდად, ოდითგანვე იყენებენ მარკეტინგულ ხელსაწყოებს, იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე...

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

ბრენდი — თქვენი კომპანიის პიროვნება წინა სტატიაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ იმის გაგება, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, არაფრის მომცემია თუ ქმედება არ მოყვა. ამიტომ, დღეს უშუალოდ ბრენდინგის პროცესს მიმოვიხილავთ. ბრენდის შექმნის...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!