როგორ ვიმუშაოთ სახლიდან

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან

სტატიის სექციები

სახლში მუშაობისა და უსაქმურობის გამიჯვნა რთულია

ბევრს უოცნებია სახლში ტახტზე ტკბილად წამოგორებულსა და უდარდელს ემუშავა და ალბათ ბევრსაც ეგონა, რომ იქ, იმ ტახტზე უფრო პროდუქტიული იქნებოდა, ვიდრე სამსახურში პატარა ოფისში გამომწყვდეული. ბოლოს და ბოლოს თავის რეჟიმს თავად შეიმუშავებდა — იმდენი ხანი იძინებდა რამდენსაც მოისურვებდა, ოჯახის გარემოცვაში იქნებოდა და მოკლედ, თავს კომფორტულად იგრძნობდა — მაგრამ, ახლა, როდესაც რეალურად გამოგვკეტეს სახლებში, თურმე სახლის ედემი არც თუ ისეთი პროდუქტიული გარემო ყოფილა, როგორც გვეგონა.

იქნება ეს ნიჟარაში ჩაყრილი სარეცხი, ახალი სერიალი, რომელსაც ძალიან გინდათ, რომ უყუროთ, სულ თხუთმეტი წუთით მეტი ძილი, რომელიც საათობით გრძელდება თუ ბავშვების ჭიჭყინი, თქვენი პროდუქტიულობა მუდმივად თავდასხმის ქვეშაა.

ნულიდან დავიწყოთ: წამოჯექით, წელში გაიმართეთ და შარვალი ჩაიცვით. არანაირი პროდუქტიულობის ამწევი ხელსაწყოები არ გიშველით, თუ სამუშაოდ საცვალში გამოწყობილი დაჯდებით. ახლა კი უფრო სიღრმისეულ რჩევებზე გადავიდეთ:

გამოიკვლიეთ თქვენი ემოციები

დინამიურობისთვის მიესალმეთ წარმოსახვით პერსონაჟს — ნიკას.

ნიკა ყოველ დილას ადრე დგება, საუზმობს, შხაპს იღებს და სამუშაოს დაწყებამდე ყოველთვის დღის საქმეების სიას ადგენს. თითქოს ძალიან პირდაპირი და მარტივი ტექნიკაა სამუშაოს ვიზუალიზაციისთვის — თუ იცი რა გაქვს გასაკეთებელი, უფრო მარტივია გაკეთებაც. მაგრამ ყოველ საღამოს, როდესაც ნიკა თავის სიას უყურებს, ცუდ ხასიათზე დგება, რომ ყველა დავალება ვერ შეასრულა და ფიქრობს, რომ დღემ არაპროდუქტიულად ჩაიარა. ეს უკმაყოფილება ნიკას მოტივაციაზე დიდად მოქმედებს, ამიტომ შემდეგ დილას ამ ფიქრით იღვიძებს: „რა აზრი აქვს, ყველაფერს მაინც ვერ გავაკეთებ.“

რას აკეთებს ნიკა არასწორად? ის დღეს შესასრულებელი დავალებების მიხედვით ანაწილებდა, მაშინ, როდესაც დროის მიხედვით უნდა დაეგეგმა.

დაგეგმეთ დროის მიხედვით

ჩვენი რჩევის მიღების შემდეგ, ნიკაც ადგა და დღე ერთსაათიან და ნახევარსაათან შუალედებად დაყო, აქა იქ თხუთმეტწუთანებიც გამოურია დასვენებისთვის.

შემდეგ მთელი კვირის გასაკეთებელი საქმეები ჩამოწერა და პირველი დღის გეგმა გაწერა, ოღონდ უკვე იმ განაკვეთების მიხედვით, რომლებადაც დღეები დაყო:

  • 10.00 AM — ბლოგის წერა უნდა დავასრულო.
  • 11.00 AM — კლიენტებს გავესაუბრო.
  • 11.30 AM — სოციალური მედიის კამპანიის კონცეფციაზე გავაგრძელო მუშაობა.

და ა.შ., მთელი დღე იმის მიხედვით გაწერა, თუ რომელი დავალების შესასრულებლად რამდენი ხანი დასჭირდებოდა და არა დღეს რამდენი დავალება ჰქონდა შესასრულებელი.

ნიკა ჭკვიანი ბიჭია და თავის განრიგში შესვენებებიც ჩასვა. ყოველ სამ საათში ერთ ნახევარ-საათიან და მომდევნო ორ საათში ერთ თხუთმეტ-წუთიან შესვენებებს იღებდა, რომელთა განმავლობაშიც იმას აკეთებდა რაც სურდა. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ამაღლებს ეს მოტივაციას და თანაც დაღლილობასაც ამცირებს.

ჩვეულებრივ, ჩვენი დღის სტრუქტურასა და დროს დიდწილად სხვა ადამიანები განსაზღვრავენ. სახლიდან მუშაობისას ეს ეფექტები ქრება და არასტრუქტურირებული დღე გვრჩება ხელში. ჩვენ გირჩევდით, დღე არა მხოლოდ საათებად და ნახევარსაათებად, არამედ დავალებათა ინტენსივობის მიხედვითაც დაყოთ. მაგალითად: დილას ყოველთვის ყველაზე რთულ საქმეს შეეჭიდეთ ხოლმე, შუადღეს პომოდოროს ტექნიკის გამოყენებით მუშაობის ტემპი ააჩქარეთ, საღამო კი კრეატიულ დროდ შემოიტოვეთ.

პრიორიტეტები — დილა

როგორც ვთქვით, ყველაზე მნიშნელოვანი საქმეები დილასვე მოითავეთ, რომ დღის ბოლოს აღარ იფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმის გარდა რაც მნიშვნელოვანი იყო. დილას ყველაზე დიდ დავალებას რომ მოერევით, შემდეგი საქმეები უფრო მარტივად და სასიამოვნოდაც კი მოგეჩვენებათ.

ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები ბოლოსკენ მოიტოვეთ, რომ მათი შესრულებით „ბევრი მუშაობის“ ილუზია არ შეგექმნათ.

„ღრმა მუშაობის“ დროა — შუადღე

დღის კონკრეტული ნაწილი „ღრმა მუშაობას“ უნდა დაუთმოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს თქვენი კონცენტრაცია პიკს უნდა აღწევდეს, მობილური გათიშული უნდა გქონდეთ, სოციალური მედიებიდან გამოსული უნდა იყოთ და ოთახის კარი ჩაკეტილი უნდა გქონდეთ. ჩვენ ასეთ დროდ შუადღეს გამოვყოფდით.

შეგიძლიათ პომოდოროს ტექნიკა გამოიყენოთ, თითო დავალებას თითო საათი დაუთმოთ და შემდეგ თხუთმეტი წუთი შეისვენოთ.

სამსახური ყველაფერი არაა — საღამო

სამუშაოს გარდა ყველას გვაქვს პირადი მიზნები და პროექტები, რომლებიც ხანდახან იმდენად გვიყვარს, რომ საქმის კეთებასაც კი გვავიწყებს. სახლში მით უმეტეს რთულია, პერსონალურ მიზნებსა და სამსახურეობრივ მიზნებს შრის ხაზის გავლება.

ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ რაღაც დროს კონკრეტულად პირადი პროექტებისთვის გამოყოფდით, მაგალითად საღამოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირადი მიზნების დაკმაყოფილება ჩვენს საზოგადო განწყობასა და მოტივაციაზე დიდად მოქმედებს.

ნუ დააყენებთ პირად მიზნებს სამსახურეობრივზე უკან.

საპირფარეშოში ნუ იმუშავებთ

დღის დაგეგმვა ერთია და უშუალოდ პრაქტიკაში განხორციელება მეორე. ცოტა რთული იქნება განრიგს პროდუქტიულად მიჰყვე, თუ მთელი დღე საწოლში იწვებით. ადექით, მოწესრიგდით, ისაუზმეთ და თუ გნებავთ ჰალსტუხიც გაიკეთეთ, მთავარია დასვენების რეჭიმიდან გამოხვიდეთ და მუშაობისაში შეხვიდეთ.

რადგანაც სახლი მულტიფუნქტიური გარემოა, ხანდახან რთულია ხოლმე გართობის, დასვენებისა და მუშაობის სივრცეებისა და რეჭიმების ერთმანეთისგან განსხვავება. ამიტომ, აუცილებელი სამუშაოდ ცალკე ადგილი ან ადგილები გქონდეთ გამოყოფილი. ისეთი ადგილი, სადაც მარჯვენა მხარეს მაცივარი არ გექნებათ, ჭამით რომ მოგაცდინოთ და მარცხენა მხარეს ტელევიზორი, სერიალის ყურებით რომ არ შეგაცდინოთ.

ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მხოლოდ მუშაობისთვის აუცილებელი ელემენტები იქნება გარშემო და სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. არაა აუცილებელი მხოლოდ ერთი რჩეული წერტილი გქონდეთ, ხანდახან მრავალფეროვნება უკეთესიცაა, შეგიძლიათ ოთახებზეც კი გადაანაწილოთ საქმეები.

იპოვეთ მეწყვილე

ხანდახან სხვასთან ერთად მუშაობა უფრო სახალისო და პროდუქტიულია. ადამიანები შეჩვეულნი ვართ სოციალურ ინტერაქციებს, რაც კოოპერაციასა და სიახლოვეს უწყობს ხელს. იქნებ თქვენ კოლეგასთან ერთად მუშაობა გეცადათ? მთლად ოფისის ჭორიკანას ნუ მიადგებით, თორემ პროდუქტიულობის ამაღლების ნაცვლად, მთელ დღეს ჭორაობაში გაატარებთ.

თუ შესაბამისი კოლეგა არ გყავთ, ნებისმიერ თქვენს მეგობარს შეგიძლიათ მიმართოთ. უბრალოდ იმის ცოდნა, რომ იმ მომენტში მარტო არ ხართ და ნებისმიერ წამს შეგიძლიათ ვიღაცას კითხოთ, თუ რას აკეთებს, კომფორტის დონეს დიდად გაგიზრდით.

თანაც მსგავსი მუშაობის სტილი კრეატიული პროცესისთვისაც ძალიან კარგია, როდესაც შენი აზრების გაზიარება და განხილვის შესაძლებლობა გაქვს.

პროდუქტიულობის აუდიტი

ყოველ საღამოს დასხედით და დაფიქრდით, თუ როგორ ჩაიარა დღემ — რა არ გესიამოვნათ? რას შეცვლიდით? რისი გამოსწორება შეიძლება? შეადარეთ კარგი და ცუდი დღეები ერთმანეთს და განსხვავებები იპოვეთ.

იდეალური დღე ერთ დღეში არ იქმნება. ამას დრო და ექსპერიმენტების ტარება სჭირდება.

ყველას განსხვავებული სამუშაო ჩვევები გვაქვს. ამიტომ, არ არსებობს პროდუქტიული დღის აბსოლუტური გეგმა, რომელიც ყველას გამოადგება. ჩვენ მხოლოდ რჩევების მოცემა შეგვიძლია, მათი მორგება კი თქვენზეა.

მოცემულ სიტუაციაში პროდუქტიულობის ვარდნა ბუნებრივია. ყველა დიდი სტრესის ქვეშ ვართ და ამის აღიარება სირცხვილი არაა. უმჯობესი იქნება, თუ ამ სტრესულ ცვლილებებს თვალს გავუსწორებთ და ვადაპტირდებით.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ქრაუდფანდინგი ისტორიის განმავლობაში

“ქრაუდფანდინგი მოხოლოდ ფულის შეგროვება არაა. ის ადამიანების საერთო მიზნისთვის გაერთიანებას გულისხმობს. არა მდიდარი და ძლევამოსილი, არამედ ისეთი ჩვეულებრივი ადამიანების, როგორებიც მე და თქვენ ვართ.”- ჟოზეფინ დეილმანსი. თუ თქვენ ბოლო ათწლეულის...

ზოგი რამ, რაც უნდა იცოდე ბიზნესის დაწყებამდე

გაიგე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ზოგი რამ ერთ სტატიაში! ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავ? ეს სტატია სწორედ შენთვისაა. როგორც წესი, ახალი ბიზნესის წამოწყება ახალ თავგადასავლებთან ასოცირდება. თავიდან ძალიან მოტივირებული და აღფრთოვანებული ხარ....

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!