ეფექტური ლიდერების ჩვევები

დროის ინვესტიცია ერთია და მისი სწორად გამოყენება მეორე

წარმატებული ანტრეპრენერი ერთ დღეში ვერ გახდები. კი, შესაძლებელია მოკლევადიან წარმატებას უცბად მიაღწიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ გრძელვადიან პერიოდში მისი შენარჩუნებაა. აქ კი იღბალი და ერთი-ორი თვე მუშაობით თავის მოკვლა უკვე აღარ გიშველით — დროა ოპტიმალური და ჯანსაღი ანტრეპრენერული ჩვევები ჩამოიყალიბოთ.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების 30 აღმასრულებელ დირექტორზე ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ ანაწილებდნენ ისინი თავიანთ დროს. აღმოჩნდა, რომ ისინი სამუშაო დღეებში საშუალოდ 9.7 საათს მუშაობდნენ, შაბათ-კვირას 3.9 საათს, ხოლო დასვენების დღეებში 2.4 საათს.

ყველას არ შეუძლია წარმატებულ კომპანიას გაუძღვეს, თუმცა ვისაც შეუძლია, აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო ჩვევა აქვთ. მხოლოდ დიდი ხნით მუშაობა არაა საკმარისი, მთავარია დრო ეფექტურად გამოიყენოთ. ახლა, მოდით ამ ლიდერების ყოველდღიურ ჩვევებზე ვისაუბროთ.

როდის ხარ მაქსიმალურად პროდუქტიული?

წარმატებულმა ლიდერებმა ზუსტად იციან თუ დღის რა მონაკვეთში არიან მაქსიმალურად პროდუქტიულნი, იქნება ეს უთენია დილა თუ უკუნეთი ღამე. ასეთი პრეფერენციები დიდწილად გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რაღა თქმა უნდა ჩვევის მომენტი უფრო მნიშვნელოვანია. გენეტიკის ერთ-ერთმა კომპანიამ 90 000 ადამიანზე ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ მათი დროის პრეფერენციებზე დაახლოებით 15 სხვადასხვა გენი ახდენდა გავლენას.

ყველას გვაქვს ჩვენი იდეალური დრო, მთავარია აღმოვაჩინოთ ის. უმრავლესობა ამას არ/ ვერ აკეთებს და სამუშაო საათების საყოველთაო სტანდარტს 9–5 საათიან პერიოდს ჯერდება. ანტრეპრენერებს კი აქვთ იმის საშუალება, რომ რეჟიმი თავად შეიმუშაონ.

აღმოჩენა არ კმარა, მთავარია კარგად გამოიყენო

ჩათვალეთ, რომ თქვენი ამ მაქსიმალურად პროდუქტიული დროის მონაკვეთის დროს ვითომ სუპერ ძალები გაქვთ. სუპერ ძალის ქონას რა აზრი აქვს, თუ სწორად არ გამოიყენე — ანუ თუ ტელევიზორს მიაშტერდი, გინდა ყოფილხარ ამ დროს პროდუქტიული და გინდა არა. ამიტომ, დასხედით და დროის ამ მონაკვეთის განრიგი გაწერეთ.

მთავარია ამ ახალ ჩვევას რეგულარული ხასიათი შეუნარჩუნოთ, რადგან გამეორების გარეშე გრძელვადიანი ჩვევები არ ყალიბდება. სპოტიფაის აღმასრულებელმა დირექტორმა ამას წინად ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ კრეატიულობა გაცილებით სტრუქტურირებულია ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ:

„ისე, თუ იცით, რომ მსოფლიოს ყველაზე კრეატიულ ადამიანებს თავიანთი კრეატიულობა გაწერილი აქვთ? ჰო და, მეც ვცდილობ იგივე გავაკეთო.“

მოსპეთ არაპროდუქტიული გამაღიზიანებლები

დღესდღეობით, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში, მუდმივად ყურადღების გამფანტავი რაღაცებით ვიბომბებით. იმისთვის, რომ ამან ჩვენი პროდუქტიულობა არ დააზიანოს საჭიროა გამოიკვლიოთ თუ რომელ გამღიზიანებელზე, როგორ რეაგირებთ, შემდეგ კი ამ რეაგირების საწინააღმდეგოდ მიმართული სიტემა შეიმუშაოთ.

მაგალითად, თუ მუშაობის დროს Youtube-ის საინტერესო შეტყობინება ამოგიხტათ, რას აკეთებთ? ადამიანთა უმეტესობა მაშინვე აკლიკავს და ვიდეოს ყურებას იწყებს შემდეგი გამართლებით — „ერთი ხუთწუთიანი ვიდეოა, რა მოხდა. ამავ ვუყურებ და ვსო.“ მაგრამ დიდი ნაწილი ამ ერთ ვიდეოზე არ ჩერდება და ვიდეოების მორევში ვარდება. შვიდი-ათი ვიდეოს მერე კი გაახსენდება, რომ თურმე ხუთი წუთის ნაცვლად უკვე ნახევარი საათი გავიდა.

ეს არაპროდუქტიული გამღზიანებლის ერთ-ერთი მაგალითია. აღმოაჩინეთ თქვენი გამღიზიანებლები და ამოძირკვეთ ისინი. Youtube-ის შემთხვევაში კარგი იქნებოდა, თუ ამ საიტს თქვენთვის შეტყობინებების გამოგზავნას აუკრძალავდით, დროებით მაინც.

ზოგი ჯილდო მავნებელია

ხომ გინახავთ ძაღლებს როგორ წვრთნიან? დავალებას აძლევენ და წარმატების შესრულების შემთხვევაში ჯილდოს სახით რაიმე გემრიელს სთავაზობენ. ასეთი მეთოდების სახეცვლილი და უფრო გაცნობიერებული ვარიაცია ადამიანებზეც მუშაობს. მაგალითად, ერთი საქმის დასრულების შემდეგ ზოგი ადამიანი თავს შოკოლადით, ან სერიალის ყურებით აჯილდოებს. ცალსახაა, რომ ეს ტაქტიკა მუშაობასა და მოსალოდნელ სიამოვნებას ასოციაციის გზით აკავშირებს, ანუ პრიმიტიულ დონეზე, უფრო მოტივირებულნი ვხდებით სამუშაო დავასრულოთ, რადგან ვიცით, რომ ბოლოს რაღაც სასიამოვნო გველოდება.

ამ მიდგომას ორი დიდი ნაკლი აქვს. პირველი, ის, რომ ჯილდოს მოლოდინმა და მოუთმენლობამ შესაძლოა საქმე მიგვაფუჩეჩებინოს იმ მიზნით, რომ სიამოვნებამდე მალე მივაღწიოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფის, სამუშაო კულტურისა და ჯილდოს სწორი ფორმის შერჩევა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ყველა ჯილდო სასარგებლო არაა. თუ საქმის შემდეგ თავს სერიალის ყურებით დააჯილდოებთ, დიდი შანსია, რომ დაგეგმილზე მეტ დროს დახარჯავთ ამ დაჯილდოების პროცესზე, რადგან სერიალის ყურება არაპროდუქტიული გამაღიზიანებელია და მარტივად ჩაგითრევთ მეტის და მეტის ყურებაში.

ჯილდოდ ნეგატიური ქცევის დაწესების ნაცვლად, შეეცადეთ ისეთი რაღაცები დააწესოთ, რაც პროდუქტიულობას არ დაგიგდებთ და საკმარის სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. ეს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა ერთ-ერთ მაგალითად წავარჯიშება შეგვიძლია ვახსენოთ.

მეილები, მესიჯები და შეტყობინებები ციფრული კორესპოდენციის აქტიური პროცესი საქმის კეთების ილუზიას გვიქმნის. დღეში დაახლობით რამდენ მესიჯს, მეილსა და შეტყობინებას იღებთ სხვადასხვა პლატფორმებზე? ალბათ ძალიან ბევრს — აქეთ მეგობარი გემესიჯებათ ფეისბუკზე, იქეთ საქმიანი მეილები მოგდით, მერე კიდევ რაღაც შეტყობინებებს იღებთ სლექში და ა.შ. თან ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. პასუხის გაცემაზე უარის თქმა კიდევ ხშირად ძალიან რთულია, არადა თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ამ პატარ-პატარა მესიჯებსა და პასუხებს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვთ ისე, რომ ვერც კი ამჩნევთ. იმისათვის, რომ მუდმივად აქტიურ საფოსტო ყუთად არ გადაიქცეთ, კორესპოდენციისთვის დღის გარკვეული მონაკვეთი უნდა გამოყოთ და დანარჩენი დროის განმავლობაში მთლიანად უგულებელყოთ. არ არის აუცილებელი ყველას და ყველაფერს მაშინვე უპასუხოთ. ჩაინიშნეთ ან დაიმახსოვრეთ მიღებული შეტყობინებები და დღის ბოლოს ერთ საათი ან რამდენიც გჭირდებათ სპეციალურად მათთვის პასუხის გაცემას დაუთმეთ.

ლიდერობა, უფრო სწორად, წარმატებული ლიდერობა მარტივი საქმე არაა და თქვენს თავზე რეგულარულ მუშაობას მოითხოვს იმისათვის, რომ ჯანსაღი და პროდუქტიული ჩვევები ჩამოიყალიბოთ. ჩვეულებრივი მენეჯერობიდან ნამდვილ ლიდერობამდე მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯია, გაეცანი სტატიას და გახდი უპირობო ლიდერი. გრძელვადიან მიღწევებზე იფიქრეთ და ბიზნესის გაუმჯობესებასთან ერთად თქვენი თავიც გააუმჯობესეთ.