მარკეტინგის ძაბრი

ყველას გაუვლია ამ ძაბრში, მაგრამ ცოტას თუ გაუაზრებია.

დღესდღეობით, ჩვენდა უნებლიედ თუ ნებიერად, ყველა რაღაც სახის მარკეტინგული სტრატეგიის სამიზნეები ვართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან მარკეტინგის ძაბრის მორევში ვექცევით. მოდით, ჯერ განვმარტოთ ეს ტერმინი.

მარკეტინგული ძაბრი იმ საფეხურების ერთობაა, რომლებსაც პოტენციური კლიენტი ბრენდთან ურთიერთობისას გადის და რომლის მთავარი მიზანიც მათი კლიენტური პოტენციის რეალობად გარდაქმნაა. თითოეულ საფეხურს თავისი მარკეტინგული ტექნიკები აქვს, რომლებზეც კონცეფციის ახსნის პარალელურად ვისაუბრებთ.

ხილვადობისა და ინტერესის საფეხურები

ყველაფერი ბრენდის ხილვადობიდან იწყება, ანუ იქედან, როდესაც რაიმე ბრენდს შეამჩნევთ. ამ საფეხურზე თავმოყრილნი არიან ის ადამიანები, ვინც თვალი მოკრეს თქვენს ბრენდს, მაგრამ ჯერ არ დაინტერესებულან და ამიტომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებენ. თქვენი მიზანია მათ გააგებინოთ, თუ რა პრობლემის და რა გზით მოგვარებას სთავაზობთ.

ხშირად ჰგონიათ, რომ ამ ჯგუფის ადამიანები უკვე მზად არიან, რომ პროდუქტი შეიძინონ და შეთავაზებებს მიაყრიან ხოლმე, რაც არასწორია და შეიძლება პოტენციური კლიენტი გაგიქციოთ კიდევაც. ეს შესავალი დონეა და ბრენდისა და პროდუქტის წარდგენის გარდა აქ სხვა არაფრის გაკეთება არ გევალებათ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ძაბრის ამ ნაწილში სწორი ხალხის მოსაგროვებლად მომხმარებელთა რელევანტური სეგმენტი უკვე განსაზღვრული უნდა გქონდეთ — ანუ, ადამიანთა ის ჯგუფი ვინც შეიძლება თქვენი პროდუქტით დაინტერესდეს. თუ ეს ვერ მოახერხეთ, მაშინ გნებავთ კედელთან გისაუბრიათ და გნებავთ არასწორ სეგმენტთან.

ჩავთვალოთ, რომ სეგმენტი უკვე განსაზღვრული გაქვთ, ახლა მათთან საუბარი უნდა დაიწყოთ, რისი საუკეთესო გზაც ქონთენთ მარკეტინგია. როგორც ვთქვით, ამ საფეხურზე მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდება , ამის გასაკეთებლად კი ვიდეო რგოლები, ბლოგი და პოსტები გამოგადგებათ.

მარტივად რომ ვთქვათ, მთავარია პოტენციურად დაინტერესებული ხალხი თქვენი კომპანიის სოციალური მედიის გვერდსა თუ ვებგრვერდზე გადაიყვანოთ და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ, როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის შესახებ. თუ როგორ ინტერესდება მომხმარებელი პროდუქტში მაგაზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

marketinguli dzabri

განხილვის საფეხური

ძაბრის შუაში მოთავსებულნი არიან ისინი, რომელთა დაინტერესებაც წინა საფეხურებზე მოახერხეთ და თქვენი კომპანიის გვერდზე გადაიყვანეთ. ეს ადამიანები მზად არიან პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტიათ როგორ ან საერთოდ თუ მოაგვარებენ მას. ანუ — დაინტერესებულნი კი არიან, მაგრამ ჯერ ფულის გადახდა მაინც არ უნდათ.

ჩვეულებრივ ამ საფეხურზე ისინი ალტერნატივების ძიებას იწყებენ, მეტ ინფორმაციას იღებენ და ცდილობენ საუკეთესო ვარიანტი იპოვნონ. ბუნებრივია, ასეთ დროს აუცილებელია, რომ თქვენი ბრენდი რაღაცით გამოირჩეოდეს და ალტერნატივების სიაში არ ჩაიკარგოს. ბრენდინგის მიზანიც ზუსტად ამის პრევენციაა — ამაზე ჩვენს წინა სტატიებში შეგიძლიათ წაიკითხოთ:

რა ბრენდი და ბრენდინგი?

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

რელევანტური ქონთენთის მიწოდება აუცილებელია. შეგიძლიათ ჩაატაროთ ვებინარები, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნით თუ როგორ მუშაობთ პროდუქტი და რატომ ჯობია სხვებისას. ამასთანავე აუცილებელია საიტზე „ხშირად დასმული შეკითხვების“ (FAQs) სექცია გქონდეთ, რომ ადამიანმა მარტივად და მოკლე დროში მიიღოს პასუხები. ბლოგი და სოციალური მედიის რეგულარული კამპანიები აქაც გამოგადგებათ საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში.

თუ წინა საფეხურებზე ინფორმაციის მიწოდების მიზანი ინტერესის გაღვივება იყო, ამ საფეხურზე ამ ინტერესის შენარჩუნება და პროდუქტისა და შეთავაზების დეტალურად გაცნობაა.

გადაწყვეტილების საფეხური

ვინც წინა საფეხურების ფილტრებს გაუძლო და აქამდე მოაღწია, ჩვეულებრივ, მზადაა პროდუქტის შესაძენად, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია თქვენგან შეიძინოს თუ სხვისგან. მათ უკვე ჩატარებული აქვთ კვლევა და ალტერნატივების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.

აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს მომხმარებლების გამოხმაურებები (reviews). თუ დააკვირდებით, როდესაც ორ პროდუქტს შორის არჩევნის გაკეთების წინაშე ვდგავართ, ყოველთვის გამოხმაურებებს ვკითხულობთ და იმას ვირჩევთ, რომელზეც უკეთესად საუბრობენ სხვები.

გამოხმაურებების გარდა, სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც შეგიძლიათ გაუკეთოთ, მაგალითად — ერთთვიანი უფასო მომსახურება, ან შენაძენზე მცირე ზომის საჩუქარი და ა.შ.

მოკლედ, ამ საფეხურზე თქვენი მიზანია, რომ მათ თქვენი არჩევის დამატებითი მიზეზები მისცეთ და სასწორი თქვენკენ გადმოქაჩოთ.

როგორც ხედავთ, ყოველი საფეხური განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ანუ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებთან სხვადასხვაგვარ კომუნიკაციას. ქონთენთ მარკეტინგის გარდა შეგიძლიათ იმეილ მარკეტინგი, სოციალური მედიის ოპტიმიზაცია და სხვა მარკეტინგული სტრატეგიებიც მოარგოთ ამ საფეხურებს. მათზე უფრო ბევრის გასაგებად გაეცანი სტატიას. მთავარია ბევრი მიდგომა დატესტოთ, საჭირო მონაცემები შეაგროვოთ და შემდეგ უკვე, მათზე დაფუძნებით საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშაოთ.